18. რას წარმოადგენს კომპიუტერული ვირუსი
ვირუსი არის ჩვეულებრივი კომპიუტერული პროგრამა და არა რაიმე განსაკუთრებული ორგანიზმი კომპიუტერის სხეულში.
წარმოიდგინეთ რომ პროგრამისტმა დაწერა პროგრამა, რომელიც ხსნის კვადრატულ განტოლებას, მაგრამ გამოუცდელობით ან რაიმე სხვა მიზეზით მან არ გაითვალისწინა ის რომ შესაძლებელია ამ პროგრამაში მონაცემების რაღაცა კომბინაციამ გამოიწვიოს ნულზე გაყოფის ოპერაცია და შედეგად ხარვეზები კომპიუტერის მუშაობაში. ამ შემთხვევაში თქვენ ნებით ან უნებლიედ თუ შეიტანთ ისეთ მონაცემებს რომლებიც გამოიწვევენ ნულზე გაყოფას, მაშინ პროგრამა, როგორც იტყვიან დაეკიდება. ამ დროს თქვენ ხართ ჰაკერი, ხოლო თქვენს მიერ გადაცემული მონაცემები კი ვირუსი.
ახლა დავუშვათ თქვენ მოგეწონათ ეს ამბავი და გადაწყვიტეთ რომ იმ ბოროტი პროგრამისტის პროგრამა ყოველთვის აფუჭებდეს საქმეს, მაშინვე იფიქრებთ იმაზე თუ როგორ გააკეთოთ ისე რომ სხვა რაღაც პროგრამა მუდმივად აწვდიდეს მას ასეთ მონაცემებს და შედეგად მუდმივად ხდებოდეს პროგრამის დაკიდება.
აი, აქედან იწყება უკვე ყველაფერი; თქვენ გაქვთ დანა რომლითაც შეიძლება პურის დაჭრაც და კაცის მოკვლაც.
ნუ, რა თქმა უნდა დღეს არც არავინ დაწერს ასეთ მარტივ პროდუქტს თან ასეთი ხარვეზით(Bug) და არც Windows-ი იკადრებს ნულზე გაყოფის გამო რაიმე პანიკაში ჩავარდნას, მაგრამ მე ამით აგიხსენით ის მთავარი პრიციპი რის წყალობითაც შეიქმნა ისეთი სამყარო, რასაც ჰქვია კომპიუტერული ვირუსები და “ვირუსმეიკერები”.
ერთხელ სადღაც წავიკითხე ტერმინი “ჰაკერის” ასეთი განმარტება: ეს არის პროგრამისტი რომელიც მუდმივად ეძებს ხარვეზებს სისტემაში და ცდილობს მათ გამოყენებას თავის სასარგებლოდ.
პრინციპში ამ განმარტებაში ყველაფერი ზუსტია გარდა სიტყვისა “პროგრამისტი”. საქმე იმაშია, რომ პროგრამული პროდუქტი შეიძლება გააფუჭო ისე რომ სრულიად არ იყო ჩახედული პროგრამირებაში, ხოლო პროგრამისტი და პროგრამირება კი ცოტა რთული და დღეისათვის განსაკუთრებით საკამათო მცნებებია და ამაზე ძალიან ბევრია სალაპარაკო.
ისეთ დიდ პროგრამულ პროდუქტებში, როგორიცაა Windows, ყოველთვის არის რაღაც ხარვეზები, რომლებიც რა თქმა უნდა არ რჩება ჰაკერების მხედველობის მიღმა, რადგან თუ ადამიანი მოტივირებულია რაღაც მიმართულებით მაშინ ამ მიმართულებით წარმატებაც არ აყოვნებს ხოლმე. მაგრამ რომც არ იყოს ხარვეზები, მაინც შესაძლებელია მისი დაზიანება, რადგან თავისთავად პროგრამა რთული სისტემაა და ყველაფრის გათვალისწინება შეუძლებელია, თუმცა რომც შეიძლებოდეს, მაშინ სისტემა დაკარგავდა თავის ეფექტურობას, ანუ აღარ იქნებოდა ის რისთვისაც იგი შეიქმნა.
რა თქმა უნდა ჰაკერი შეიძლება იყოს პროფესიონალი პროგრამისტიც, ყველაფერი დამოკიდებულია სურვილზე.
შედეგად მივდივართ იმ ზღვართან, სადაც უნდა განიმარტოს რას ნიშნავს სისტემის გამოყენება თავის სასარგებლოდ მასში ხარვეზების არსებობის ხარჯზე. ასეთი რამ კი ყველამ ვიცით რასაც ნიშნავს და იურიდიულად უკვე განმარტებულიცაა.
კომპიუტერულმა ვირუსმა ეს სახელი შეიძინა იქიდან, რომ ხშირად როგორც წესი მას აქვს უნარი თავისით გადაადგილდეს ერთი კომპიუტერიდან მეორეში. საერთოდ ქსელების თეორიაში არსებობს ასეთი პრინციპი, რომ კომპიუტერული ქსელი აღიქმება როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი ანუ ერთი კომპიუტერი და არა როგორც დანაწევრებული სისტემა, ასე რომ ვირუსი ერთი კომპიუტერიდან მეორეში გადაადგილების გზის არჩევანში ნამდვილად არ არის შეზღუდული.
მაშ, გვაქვს უწყვეტი გადასვლა ადამიანის მიზანმიმართული მოქმედებიდან მის უნებურ მოქმედებამდე, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ხელოვნური ზღვარი ამ ორ მდგომარეობას შორის.
ასე, რომ ერთ მშვენიერ დღეს კომპიუტერთან მუშაობისას შესაძლებელია ნებით თუ უნებლიეთ გახდეთ კომპიუტერული ჰაკერი, ამიტომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე საქმე გაქვთ არჩევანთან;
“თქვენს წინაშე ორი აბია - ლურჯი და წითელი: თუ დალევთ ლურჯს ისტორიაც დამთავრდება და ცხოვრებას განაგრძობთ ჩვეულებრივ, ხოლო თუ დალევთ წითელს აღმოჩნდებით საოცრებათა სამყაროში, რომლიდანაც ვეღარასოდეს დააღწევთ თავს”. არჩევანი თქვენზეა ! სურათი კინოფილმიდან “მატრიცა” ავტორი: გიორგი ბაწაშვილი 2006 |